არა, ალბათ მართლა ყველას იცნობს ვინც კი აივლის და ჩაივლის! ყველა ამვლელ-ჩამვლელ მანქანას ხელს უწევს და ისინიც პასუხად უსიგნალებენ. ტიპიური ქართველია: დაბალი, ღიპიანი, მელოტი, ღაჟღაჟა მომღიმარი სახით და რაც ყველაზე მთავარია, რამდენიც გვერდზე ჩავუარე, იმდენი მღერის. იმღეროს, ვინ უშლის, არც არავის აწუხებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გადასარევი ხმა აქვს და ქართული სიმღერის მრავალხმიანი ბუნებიდან გამომდინარე საცოდაობაა მისი მარტო სიმღერა.
ამ კაცის ნახვა თითქმის ყოველ დილით მაქვს გამოწერილი და ამიტომაც არის, რომ ყოველი ჩემი დღე პატრიოტული შემართებით და ამაღლებული განწყობით იწყება! მარტო ჩემი? ჩემს გარდა, ალბათ ორასზე მეტ კაცს უხდება ალბათ მისი ჰაერში ტალღებად გაფანტული ღიღინის მოსმენა.
ისე, ნამდვილად ვერ დავითვლი რამდენჯერ ჩამივლია გვერდით და ერთხელაც არ შევჩერებულვარ, თუნდაც ერთი წუთით, თუმცა ყოველთვის მაქვს სურვილი. არადა მე მხოლოდ ადგილზე გაჩერების და მოსმენის სურვილი არ მაქვს, ასე მგონია, რომ გავჩერდე, მეც ვერ მოვითმენ და სიმღერაში „შევეშვლები“. აი, ამის მეშინია და იმიტომაც ვკრეფ მხოლოდ რამდენიმე ბგერას მისი საგალობლებიდან და ამით ვკმაყოფილდები...
No comments:
Post a Comment