Saturday, March 28, 2009

როცა სვამ მხოლოდ მაშინ გახსენდები? მითხრა ბლოგმა

მოვედი ჩავრთე და რაზე ჩავრთე? ოთხია უკვე თბილისში და მარისაც სძინავს და არ იქნება სკაიპში, გამოვრთო ისევ? იყოს, იქნებ ვინმე შემოეხეტოს...
ბოლოს როდის დავლიე 5 ბაკალი ლუდი აღარც მახსოვს. თითქმის არ ვსვამ რაც აქ ვარ. დღეს კარგი საღამო იყო ნამდვილად. მეგობარს ვაცილებდით და ყველამ მოვილხინეთ. მაგრამ პოსტის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ როცა შემოვედი სახლში ვიცინოდი. საქართველო გამახსენდა. ლიფტში ორი ტიპი შემხვდა რომელიც ლიფტით კატაობდა! არ წარმომედგინა აქაც თუ შვებოდნენ ეგეთებს. სანამ მე-9 სართულზე ამოვედით ლუდიც შემომთავაზეს, რომელი ლუდი უფრო მიყვარს ისიც გაიგეს და სასიამოვნო უიქენდიც მისურვეს. კარგი ტიპები იყვნენ. წავედი მაჟორულ ნოტაზე ლოგინისკენ:)

Thursday, March 26, 2009

A notion of relatively empty fullness


ამ თვის ორი ფრაზა მახსოვს, ერთი ჩემი და მეორე სხვისი.

სხვისი: „ურთიერთობაში იმდენ წრეს ვარტყამ სანამ თავბრუ არ დამეხვევა ხოლმე“.

ჩემი: „ზოგადად ყველაფერი მალე მბეზრდება... ისე, მგონი, მალ-მალე იმიტომ ვიცვლები რომ ჩემი თავიც არ მომბეზრდეს.“

ჩემი ბლოგი თვეზე ცოტა მეტში ერთი წლის ხდება. ჰოდა, დასანანია და მომბეზრდა. ძალიან მომბეზრდა, ვალდებულებად გადამექცა. თან დავხურე, დავკეტე, გავასაიდუმლოვე. რა შევცვალო ეხლა მე ამ ბლოგში რომ მობეზრებამ გამიაროს? არაფერი. არც მე მინდა იმდენი წრე ვურტყა ბლოგს სანამ თავბრუ დამეხვევა.

პრინციპში, არ მეტყობა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. (სულ ასე არ ვარ? გიჟი ვარ, გიჟი).

Saturday, March 21, 2009

ღამის 4 საათია თუ დილის და არ მეძინება



დღეს მე და მარი „ვეჯიბრებოდით“ ერთმანეთს ვინ უფრო სწორად ახსნიდა თუ რა არის სიყვარული და ამავე დროს სასაცილოდ. დავემუქრე თუ შევპირდი რომ გავბლოგავ ამას თქო და აი შედეგი:

მარი: სიყვარული არის Recycle bin. რაღაცას რომ გადმოწერ, გიხარია, მერე წაშლი და შანსს იტოვებ რომ აღადგინო.

მირო: სიყვარული არის იუმორი. ზოგს აქვს ნიჭი და ზოგს არა. ჰოდა ზოგი იცინის და ზოგს დასცინიან.

მარი: როლიკებია სიყვარული. უნდა იმოძრაო რომ ბალანსი შეინარჩუნო.

მირო: სიყვარული არის ბორჯომი. ანუ გაზი თუ გაუვიდა (ანუ თუ სიყვარული აღარ არის) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და როცა გაზიანია გემრიელია (ანუ როცა გიყვარს და უყვარხარ) მაგრამ კარგი არ არის ჯანმრთელობისთვის.

მარი: შენ ხარ სიყვარული! აუტანელი, ჯიუტი და დეგენერატი და მაინც მიყვარხარ. ეს ბრმა სიყვარული იყო და წინები კიდევ სიყვარულები.

მირო: სიყვარული არის ცეცხლი (არ მგონია მთლად ჩემი მოგონებული იყოს მაგრამ მაინც) ზოგჯერ იწვის, ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ აალდება...

მარი: ოოოო, არ გეთვლება. ცეცხლი არა ისა. ოდნავ სასაცილო უნდა იყოს. ცეცხლი რომ არის ვიცით ისედაც.

მირო: მაშინ პაკრიშკებით დანთებული ცეცხლია და ბოლავს. და აწუხებს ხალხს, ხშირად მეზობლებს...

პ.ს. ეს ყველაფერი სმაილებით უფრო სასაცილო იყო და თავისი ბექგრაუნდებით რაც ამ მსჯელობას ახლდა. ბოდიშს ვიხდი არასახალისო ვერსიისთვის:)))

Wednesday, March 18, 2009

Can you just stop for a while?


არ ვიცი რატომ შემექმნა ასე უცბად რადიკალური შთაბეჭდილება, მაგრამ მგონია, რომ ქართველებს ეჭვი, ბოღმა, შური, მტრობა და უფრო კონკრეტულად ერთმანეთის ზურგსუკან მტრობა და პირში სიცილი დაგვღუპავს. არასდროს გვიყვარს აღიარება, მაგრამ ღალატიც არ ყოფილა ჩვენი ისტორიის განმავლობაში უცხო.

რამ მიბიძგა ამის დასაწერად? ახლა კურიერი ჩავრთე რამდენი ხნის პაუზის მერე და ეგრევე მეცა თვალში რომ ყველა თავისთვის ითხოვს ყველაფერს, ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა მართალია და მათთვის ყველა სხვა მცდარი.

ხან მგონია რომ ბევრი ბოროტება და აგრესია იმალება ჩვენი ღიმილის უკან. ზრდილობა ჩვენ არ გვიყვარს და წესრიგი. და არც საქმის წესრიგიანი კეთება.

9 აპრილი? რას ვითხოვთ? პრინციპში ვიცით რას ვითხოვთ: უკეთესს, იდეალურ შემთხვევაში - კარგს. მაგრამ ვისგან ვითხოვთ, რისგან ვითხოვთ, რანაირად გვინდა? ანუ ისევ პირველ კითხვას ვუბრუნდები: რას ვითხოვთ კონკრეტულად?


ეეეჰ, არაფერი გვეშველება. ნეტა შეგვეძლოს ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოდ კარგად...

Tuesday, March 10, 2009

Brussels

ყველა დიდი ქალაქი ნაგვიანია ევროპაშიო ასე ამბობენ. თბილისი სუფთა ყოფილა მაშინ, ცენტრალური და პრესტიჟული რაიონები მაინც. ისე ამდენი მათხოვარიც გამიკვირდა. ღარიბი უბნები ეგრევე ცენტრის გარშემო, კომუნისტური ვაგზალი, ლოთები, ჭუჭყიანი... ეგრეთ წოდებული ერთი დიდი გეტოა ეს ქალაქი: თურქები, არაბები, ზანგები, მუსულმანები და ეს ყველაფერი ხშირად კომბინაციაში. და ბელგიელები? ფააფუ.
თუმცა რაც ლამაზია ის ლამაზია, ზოგიც შეუდარებელი, ცხელი შოკოლადი ახლადგამომცხვარ ჰაეროვან და რბილ ვაფლზე - ყველაზე გემრიელი, ყველაზე, ყველაზე!
არადა, ევროპის დედაქალაქად თუ გულად წოდებული...
კიდევ ერთხელ უნდა წავიდე რომ სხვანაირი თვალით შევხედო.

Sunday, March 1, 2009

ორ კვირაში ერთი პოსტი? და ასე უნდა იყოს?


გაზაფხული მოვიდა (sun)!
აყვავდა ნუში და ამინდმა გამოიდარა, მზეს იღიმება და უხარია, სხივები გვათბობს? შეიძლება მანდ თბილისში ასეა, მაგრამ აქ არა! აქ ლონდონია ისევ, თუმცა ისევ და ისევ ნაიმეგენი (ან ნაიმეხხხხენი, როგორც აქაურები ეძახიან) ჰქვია ამ ადგილს. ისევ სერია და ისევ სკაიპის მოღუშული სმაილიკისდაგვარია ყველაფერი.

მაგრამ, იცი რა? ეს არ მოქმედებს ჩემს ხასიათზე. უკვე დიდი ხანია აღარ. ამ კვირაში კარნავალი იყო და მაინც უხაროდა ყველას, გვიანობამდე გარეთ იყო გამოსული ყველა ასაკის ჰომოსაპიენსი არა ჰომოსაპიენსური სამოსით. დიახ, ყველა შემოსილი იყო, სულ ყველა, სულ სულ. მეც კი. მებრძოლი ვიყავი მე. უფრო ქართულია ხომ? ალბათ კი, ან არა.

ჰოდა გაზაფხულია ჩემთან, პირველი აქ და ბოლოც შესაბამისად.



ალბათ ჩიტებიც ჭიკჭიკებენ სადღაც, მაგრამ მე არ მესმის... ყურში წყვდიადია და ხვალ ექიმთან მივდივარ.