Monday, May 5, 2008

სპორტული მიმოხილვა

ორი დღის წინ სპორტული ტრავმა მივიღე...

სახლიდან გამოვედი და სატრენაჟორო დარბაზისკენ დიდი სპორტული ჩანთით და არანაკლები სპორტული შემართებით დავადექი გზას. გზაზე ნარეკლიშვილების მაღაზიაში შევიარე და გაზეთი ვიყიდე (რაღა თქმა უნდა სპორტული გაზეთი „სარბიელი!“) იქიდან გამოსულმა გაზეთის კითხვა დავიწყე და თან გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე გადასვლა დავიწყე. ალბათ ჯობია, მაშინ გაეცნო პრესას, როცა მოკალათებული ზიხარ სავარძელში, ან თუნდაც მაშინ, როდესაც ფეხზე დგახარ, მაგრამ ერთ ადგილზე მაინც ხარ გაჩერებული. არადა კრწანისის ქუჩაზე ყოველთვის კარგი გზაა დაგებული, მაგრამ ის ერთი თხრილი იმისთვის საკმარისი იყო, რომ სპორტულ დარბაზში სარბენად გამზადებული ჩემი მარჯვენა ფეხი არასწორი ტრაექტორიით იმ თხრილში აღმოჩენილიყო...
ვერ გეტყვით რაზე უფრო ვნერვიულობდი: ის, რომ იმ დღეს ვერ ვივარჯიშებდი (უფრო სწორად ვერ ვირბენდი, თორემ სავარჯიშოდ მაინც წავედი, უბრალოდ ფეხები არ „დავტვირთე“), თუ იმაზე რომ საღამოს ღამის კლუბში წასვლა მქონდა მკაცრად ამოჭრილი გულში და ცალ ფეხზე ცეკვა ცოტა რთული იქნებოდა (თუმცა ჩემი უცნაური ხასიათიდან გამომდინარე არც ეს ვარიანტი იყო გამორიცხული). ალბათ, ორივეზე თანაბრად ვწუხდი, მაგრამ შედეგი მაინც ის გახდა, რომ ჩემი „ვიქენდი“ ვერ გამოდგა ისეთი, როგორსაც ცაგარელი მპირდებოდა და როგორიც მე დავგეგმე...
პრინციპში ცაგარელს ვერაფერს დავაბრალებ, იმიტომ რომ მაგ კაცის მაინც არასოდეს მჯეროდა და არც მაგის ვარსკვლავები მწყალობდნენ განსაკუთრებულად...
ვარჯიშმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ჩემმა ფეხმა საკმაო დეფორმაცია განიცადა და მარცხენა ფეხისაგან ზომით მკვეთრად განსხვავდებოდა. კარგი ის იყო, რომ „თანამეტრენაჟორეებმა“ მირჩიეს მაზი ბენგეი მეყიდა და ის მომირჩენდა ფეხს ერთ დღეში. მეც, ვარჯიშიდან გამოსული აფთიაქში შევედი და ვიკითხე ეგეთი დასახელების მაზი ხომ არ ჰქონდათ. გამიყიდველმა ამომხედა, შემდეგ ჩემს სპორტულ ჩანთას დააკვირდა და საკმაოდ სერიოზული სახით მიპასუხა:
– დიახ გვაქვს! ორნაირია: ერთი ჩვეულებრივი და მეორე სპორტული ტრავმებისთვის...

ორი დღის წინ სპორტული ტრავმა მივიღე...

4 comments:

e.k.a.t.e.r.i.n.a said...

კაი იყო, ვისიამოვნე :))

jaco said...

ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა! მადლობა კომენტარისთვის!

Chr!st!@n@ said...

es is ambavia nukam ro dagporchkna? :D

jaco said...

არა კრიკრი, ეს ის ამბავი არ არის!:))) ეს აგორაში რომ ვიყავით და მერე ზენში, იმის მეორე დღეს მოხდა და ნუკა არაფერ შუაშია!:)))